პარტიის შესახებ
პარტია ჩამოყალიბდა 2021 წელს, მოქალაქეთა დაკვეთით, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ნათლად გამოჩნდა საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკურ – კლანური ელიტების მიერ ხალხის ხელისუფლების მიტაცების მცდელობა და სურვილი. პარტიის განვითარების 3 წლიან ეტაპზე, მოხდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის თუ პროფესიონალის შემოერთება, პოლიტიკური იდეისა და პლათფორმის ჩამოყალიბება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ხალხისთვის პოლიტიკური ძალაუფლების დარბრუნებასთან.
პარტია ეფუძნება დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ძირეულ ფასეულობებს, წარმოადგენს რა კლასიკური ცენტრისტული ტიპის სახალხო – პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც აღიარებს ადამიანის, როგორც ინდივიდის, ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, კანონის უზენაესობის და კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობის პრინციპებს; სოციალურ სამართლიანობას; კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის ურყეობასა და აუცილებლობას; ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკას; წარმოაჩენს განათლებასა და აზროვნებას, როგორც ადამიანის განვითარების ძირითად ქვაკუთხედებს, ისევე როგორც რწმენის თავისუფლებას.
პარტია „ჩვენ“ იზიარებს კაცობრიობისთვის აუცილებელ ჰუმანიზმისა და პროგრესული სოლიდარობის იდეოლოგიას. პროგრესული სოლიდარიზმი – ეს არის ახალი მსოფლიოს, ახალი საქართველოს, ახალი ქართული იდეის კულტურული, ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური ველი. ჩვენი პოლიტიკური იდეოლოგია, რომელსაც „ახალი ქართული იდეა“ ეწოდება და ეფუძნება პროგრესული სოლიდარიზმის პრინციპებს, წარმოადგენს და მიიჩნევს ინდივიდს სოციალური მოქმედების თავისუფალ, დამოუკიდებელ ერთეულად. მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, აგრეთვე, წარმოადგენს პლურალიზმი, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს, სეკულარული რესპუბლიკანიზმისა და სამოქალაქო მოძრაობის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელიცაა.
თავისუფლება ითვალისწინებს, როგორც ხელისუფლების მრავალი ცენტრის არსებობას, რომლებიც ზღუდავს როგორც სახელმწიფოს ერთმმართველობას, აგრეთვე, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური არჩევანის შესაძლებლობას. თუ ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებში სახელმწიფო დომინირებს საზოგადოებაზე, ამ შემთხვევაში, პირიქით, საზოგადოება დომინირებს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე.
პარტიას მიაჩნია, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ – ადმინისტრაციული მოწყობა უნდა ეფუძნებოდეს ძლიერი ცენტრისა და ამასთანავე, ძლიერი რეგიონების პრინციპს, რაც თავის თავში მოიცავს ადგილობრივ დონეზე მაქსიმალურ დეცენტრალიზაციას, როგორც პოლიტიკურ, ასევე ფისკალურ დონეზე.
პარტია მხარს უჭერს სახელმწიფოს ევრო – ატლანტიკური ცივილიზაციისაკენ მისწრაფებას, ეროვნული თვითმყოფადობის გარანტიების სრული დაცვით.
2024 წელს, პარტიას შემოუერთდა საზოგადოების თვალსაჩინო წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და პროფესიონალები. პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე, დელეგატების გადაწყვეტილებით, პარტიას გადაერქვა სახელწოდება, არჩეულ იქნა პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი – დავით ქაცარავა. პარტიას ეწოდა „ჩვენ“.
რატომ ჩვენ?
ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – „ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!“
ვინ და, – ჩვენ!
„ჩვენ“ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით! ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა! „ჩვენ“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ!
პარტიაში გაწევრიანების მსურველთათვის – [ბმული]
საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ უნიკალური შესაძლებლობა ერთად ააშენონ პროგრესული სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული, ინდივიდის ინტერესზე მორგებული, ადამიანის განვითარებასა და თავისუფლებაზე დამყარებული, ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერი სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო იქნება პიროვნებისათვის და პიროვნება სახელმწიფოსათვის. ქვეყანა, რომელიც იქნება მსოფლიო განვითარებული თანამეგობრობის ღირსეული და ანგარიშგასაწევი წევრი. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის „ჩვენ“ მიზანს წარმოადგენს შექმნას პროგრესული სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებული, მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი, მზარდი, კონკურენტუნარიანი და მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო.
პარტია „ჩვენ“ კაცობრიობისთვის და საქართველოსთვის აუცილებელ ახალპროგრესული ჰუმანიზმისა და სოლიდარობის იდეოლოგიას ეყრდნობა და წარმოადგენს. პროგრესული სოლიდარობა – ეს არის ახალი მსოფლიოს, ახალი საქართველოს, ახალი ქართული იდეის კულტურული, ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური ველი. პროგრესული სოლიდარობა ერთგვარი სახელმწიფოს ვალია მისი მოქალაქეების მიმართ – არ შეიძლება რომ ადამიანს კლავდეს სიცივე და შიმშილი სახელმწიფოში რომელიც თავის თავს თვლის ცივილიზებულ სახელმწიფოდ. არის საარსებო მინიმუმი, რომელიც საერთო ძალისხმევამ უნდა მისცეს ყოველ ადამიანს – მოქალაქეს!
ჩვენ მოვედით პოლიტიკაში იმიტომ, რომ ძალაუფლება დავუბრუნოთ ხალხს! ჩვენ ვართ პოლიტიკაში იმიტომ, რომ სახელმწიფოსთვის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ ხალხთან ერთად, შეთანხმებით და ხალხის მონაწილეობით.
ჩვენ მოვედით აქტიურ პოლიტიკაში იმიტომ, რომ დავასრულოთ კლანური ელიტების მმართველობა და ხალხს მივცეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ საკუთარი თავისუფალი არჩევანი.